საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განაცხადებით, რამდენიმე კლინიკამ თავად განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვა არ სურდა, რის გამოც მათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დატოვეს.
„რამდენიმე კლინიკამ ნამდვილად დატოვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, თუმცა მათი რაოდენობა ბევრი არ არის, რეალურად, ერთეულია. ისინი მანამდეც ლიმიტირებული ჩართულობით მონაწილეობდნენ სახელმწიფო პროგრამაში. გაკეთდა განცხადება, რომ პროგრამაში მუშაობის გაგრძელების ინტერესი არ აქვთ, რაც, რა თქმა უნდა, მათი არჩევანია“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, საქართველოში კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელის, ე.წ. დიარჯი სისტემაზე გადაწყობის პროცესი მიმდინარეობს.
„დიარჯი“ სისტემა გაეშვა პირველ ნოემბერს. სულ 20 დღეა გასული. აქტიურად მივყვებით პროცესს და ვიღებთ რეკომენდაციებს, შენიშვნებს ექიმებისგან, კლინიკის მენეჯმენტისა და პაციენტის მხრიდან. თვის ბოლოსთვის უკვე გვექნება პირველი პაკეტი იმ გაუმჯობესებისა, რომლის საჭიროებაც ამ პერიოდში გამოიკვეთა. ძალიან მცირე დროა გასული, რომ დასკვნები გაკეთდეს, თუმცა სამინისტრო არის სამუშაო პროცესში, რათა სისტემა უფრო მოქნილი გახდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.