ქვეყანა გრიპის შემთხვევების პიკის მოლოდინშია - ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორი, ივანე ჩხაიძე საუბრობს.
მისი განმარტებით, გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. ივანე ჩხაიძე, ვაქცინის გაკეთებისკენ რისკჯგუფებში მყოფ ადამიანებს განსაკუთრებით მოუწოდებს.
როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, მონაცემების მიხედვით, ახლა ე.წ. ჰონგ-კონგის ტიპის ვირუსი ცირკულირებს. ასევე, ფიქსირდება H1-N1 ტიპის ვირუსის ერთეული შემთხვევები.
"წელს, რისკები 3 ვირუსის მხრივ არის მოსალოდნელი, კორონავირუსი, რომელიც არსად არ გამქრალა, გრიპის ვირუსი და მესამე ტიპის ვირუსი, რომელიც სულ ახლახანს გამოჩნდა აქამდე ასეთი აქტიური არასოდეს ყოფილა. ძალიან ბევრი ქვეყანა მიუთითებს იმაზე, რომ წლევანდელი წელი ამ ვირუსის თვალსაზრისით გამორჩეულია და განსაკუთრებით ბავშვებში, ამ ვირუსის შემთხვევების მატებამ სამედიცინო დაწესებულებების გადატვირთვა განაპირობა. ეს ისევე, როგორც გრიპის ვირუსი ხშირად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.ღრმა, ხშირი მსტვინავი ხასიათის სუნთქვა, ეს ერთ-ერთი დამახასიათებელია რესპირაციული ვირუსისთვის, განსაკუთრებით 2 წლამდე ბავშვებში“, - აცხადებს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.