„ჩვეულებრივ პირობებში უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ვერ იქნებოდა. ეს იმიტომ კეთდება, რომ უკრაინაში ომია“- ასეთი სიტყვებისთვის ჩვენმა ოპონენტებმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ეძახეს მოღალატეები და რუსეთუმეები, ოღონდ ეს არის სიტყვასიტყვით საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვები, როცა ევროპელი ლიდერები განმარტებებს აკეთებდნენ, ვინ რატომ და რა პოლიტიკური გარემოებების გამო „დაიმსახურა“ თუ „ვერ დაიმსახურა“ კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენელს, გიორგი ვაშაძეს არ ესიამოვნა, როცა სხდომაზე „ორმაგი აგენტი“ უწოდეს.
„ჩვენს პარტნიორებთან მექნება ერთი თხოვნა - აგენტებსა და მეგობრებს შორის, მე მაინც მგონია, რომ მეგობრებზე სჯობს აქცენტის გაკეთება, რადგან აგენტების ნდობა არ შეიძლება. თქვენ გყავთ რიგებში ისეთი ადამიანი, რომელიც დადასტურებულად, მტკიცებულებებით თქვენს „ ტროიკაში“ შემოდის და დღემდე მილიონობით რუსული რუბლით ფინანსდება. „ტროიკა“ შემთხვევით არ მიხსენებია, ეს სიმბოლურია, რა თქმა უნდა, და ამისი დისკომფორტი ვერ შეგატყვეთ თქვენ პირადად“, - მიმართა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.
„ბატონი ვარჰეიმ უაღრესად პოზიტიური გზავნილები გაახმოვანა საქართველოს მიმართ. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის ამ დროს ხელისუფლებაში. შენი ქვეყნის მიმართ გაახმოვანა, რომ წინსვლაა, მათ შორის დემოკრატიის, რეფორმების კუთხით და საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. არ დააყოვნა ამაზე რეაქციამ სამწუხაროდ. თქვენი მეგობარი ჯინ შაჰინის განცხადებები გვახსოვს. ქალბატონ ჯინ შაჰინს თვეების განმავლობაში ხმა არ ამოუღია საქართველოსთან დაკავშირებით“, მიმართა ოპოზიციას მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციას რომ მართლა უყვარდეს თავისი ქვეყანა, იტყოდნენ, რომ პატარა ხარვეზები გასწორდება და ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
„საქართველო ამ მოცემულობით, დღევანდელ დღეს, იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, მიპასუხეთ ბატონო გიორგი ვაშაძე, თეატრალიზებულ წარმოდგენას რომ გვიმართავთ აქ, იმსახურებს თუ არა? აი, პასუხი რომ არ გაქვთ ამაზე, თქვენ და თქვენი „ტროიკა“ და დიდი გაერთიანება „ნაცმოძრაობის“ სახით და მისი დანაყოფებითურთ, თქვენი დავალების მიმცემების ჭკუაზე რომ დადიხართ, ამიტომ ხართ უცხო ქვეყნის აგენტურა ამ ქვეყანაში და უსამშობლო ადამიანები!“, - მიმართა გიორგი ვაშაძეს მამუკა მდინარაძემ.