რა თქმა უნდა, მიუღებელი არის ჩემთვის პირადად, მე ვირჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს იგივე ამერიკის ელჩის მისამართით. მე ასე მიმაჩნია, ყოველ შემთხვევაში, ეს ჩემი აზრია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.
„რამდენიმე დეპუტატმა დატოვა ჩვენი პარტია, ეს მათი არჩევანია, ჩვენ მანამდეც გვქონდა საუბარი პარტიის შიგნით, თუ რა შინაარსის, ამაზე ღიად არ დავიწყებ საუბარს, ეს არ არის ჩვენი სტილი, მაგრამ ჩვენი გზები, რომ იტყვიან, გაიმიჯნა. თავად ამ ადამიანებმა, ძვირფასმა დეპუტატებმა, გადაწყვიტეს, რომ შექმნან ცალკე დამოუკიდებელი მორაობა და პარტიაც, ალბათ, ეს მათი არჩევანია. ჩვენ ამაზე ვთქვით არაერთხელ, ძალიან მკაფიოდ, რომ ჩვენი პოზიციები არის გამიჯნული და გაყოფილი, ჩვენ გვაქვს მთელი რიგი განსხვავებები, მაგრამ ისინი რჩებიან უმრავლესობაში, რომ არ დარჩნენ უმრავლეოსბაში, ქართული ოცნება დაკარგავს უმრავლესობას, ჩვენ გვექნება რეალურად პრობლემები, რომ მივიღოთ კანონები.
„მე, როგორც მთავრობის მეთაური და როგორც ამ ჩვენი ქართული ოცნების გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ვაცხადებ შემდეგს - ჩვენი ვალდებულება, პირადად ჩემი ვალდებულება არის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ, გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობები ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან, ევროკავშირთან, ევროპულ სახელმწიფოებთან, ყველასთან და არა მხოლოდ მათთან. რეგიონში ჩვენ ყველასთან გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ასე რომ, ჩემი პოზიცია არის ძალიან მარტივი, ერთმნიშვნელოვანი, არავითარი სპეკულაციის მიზეზი არ არსებობს - ჩვენ გვაქვს ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა, ეს ურთიერთობა დაწყებული არის მას შემდეგ, რაც ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა.
რა თქმა უნდა, მიუღებელი არის ჩემთვის პირადად, მე ვირჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს იგივე ამერიკის ელჩის მისამართით. მე ასე მიმაჩნია, ყოველ შემთხვევაში, ეს ჩემი აზრია.
თუ კითხვები არსებობს, კი ბატონო, კითხვები დავსვათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ზომიერება დავარღვიოთ. ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, მაგრამ ძლიერი ხალხით. ჩვენ ვართ უძველესი ერი, 3 000 წელზე მეტი ისტორიით, ჩვენი კულტურით, ცივილიზაციით, ერით, სარწმუნოებით და ჩვენ გვჭირდება ძალიან პრაგმატული, გონივრული და ზომიერი მოქმედებაც და პოლიტიკის წარმოება. შეიძლება, განსხვავებები გვქონდეს ჩემს ყოფილ თანაგუნდებელთან, შეიძლება, სხვაც არ მეთანხმებოდეს, სხვას უფრო მეტად სხვა აზრები ჰქონდეს - ეს ყველა ადამიანის დემოკრატიული კონსტიტუციური უფლებაა. ამიტომ, ნურავის ნუ განვიკითხავთ, ნუ განვკიცხავთ, ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი. ვისაუბროთ, დებატები გავმართოთ, ერთმანეთს საწინააღმდეგო აზრები გავუზიაროთ, მაგრამ არ შეიძლება ასეთი შეურაცხყოფების მიყენება, ეს არის ერთმანეთის მიმართ დაუშვებელი, მთავარი ამოცანა უნდა იყოს სიმშვიდის გამყარება“, - თქვა ღარიბაშვილმა.