ვნახეთ, როგორც მოიქცა ჩვენი ოპოზიცია ივნისის თვეში, როცა მათი მხარდამჭერი ევროპული პარტიების წარმომადგენლები გაერთიანდნენ და მიიღეს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუცია, ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და ამ შედეგებს მივიყვანთ ბოლომდე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველო ევროპული მიმართულებით სვლას აქტიურად აგრძელებს.
„აუცილებელია, ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში. პირველი რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ევროპული საბჭოს მიერ, არის დეპოლარიზაცია ანუ პოლარაციზაციის დასრულება. საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია ოპოზიციის ჩართულობის გარეშე. დანარჩენ 11 რეკომენდაციაზე ვმუშაობთ, გვაქვს პროგრესი. ამაზე რეპორტი გადაეცემა კომისარს. რაც შეეხება ოპოზიციის მიზანს, სამწუხაროდ, მათი მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე. მახსოვს ძალიან კარგად და მინდა, ბატონ კომისარს მივაწოდო დადასტურებული ინფორმაცია, რაც მივიღეთ ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან, მაშინ როდესაც ვმუშაობდით აქტიურად სავიზო რეჟიმზე, ეს იყო ყველა ქართველის ოცნება და ძალიან ხელშესახები შედეგი, მაშინაც, სამწუხაროდ, ოპოზიციის ლიდერები დადიოდნენ ბრიუსელში ერთადერთი მესიჯით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი. ვნახეთ, როგორც მოიქცა ჩვენი ოპოზიცია ივნისის თვეში, როცა მათი მხარდამჭერი ევროპელი პარტიების წარმომადგენლები გაერთიანდნენ და მიიღეს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუცია. ეს ხდება მაშინ, როცა ევროპულ საბჭოს, ევროპულ ქვეყნებს უნდა მიეღოთ ისტორიული გადაწყვეტილება, ეს იყო საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენს საქმეს გავაკეთებთ, ამ შედეგებს მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.