„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გრძელდება 13 ნოემბერს გაიმართა ფესტივალის მესამე კონცერტი - „ბახი და მისი რჩეულები“ სადაც იოჰან სებასტიან ბახის და მისი რჩეული კომპოზიტორების: მარჩელოს, ვივალდისა და ზელენკას მუსიკა შესრულდა.
კონცერტში „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობდნენ: გაბრიელ გრამესკი, ბაროკოს ჰობოი (რუმინეთი), სტეფან ნოდილო, ბაროკოს ჰობოი (ხორვატია), ჟოაკიმ გერა, ბაროკოს ფაგოტი (ესპანეთი) და გიორგი კუზანაშვილი, თეორბო (საქართველო / გერმანია).
ამ კონცერტს განსაკუთრებული მოლოდინით ელოდა ქართველი მსმენელი და საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა. აღფრთოვანებული მსმენელი მქუხარე ოვაციებით დიდი ხანი არ უშვებდა ორკესტრს სცენიდან.
ასევე მნიშვნელოვანი კონცერტია დაგეგმილი 15 ნოემბერს, სადაც ქართველი მსმენელებისთვის უცნობი ბრაზიულიური ბაროკო და მასთან ერთად ზელენკას უნიკალური მუსიკა აჟღერდება.
ამ საღამოს მონაწილეები გახლავთ: „საქართველოს სინფონიეტა“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, დირიჟორი - ზვიად ბოლქვაძე.
რიგით მე-8 „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, იტალიის საელჩოსა, საქართველოში ფრანგული ინსტიტუტისა და საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა 2015 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დააარსა. ფესტივალმა უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი და მას ყოველწლიურად ბაროკოს მუსიკის მსოფლიოს ვარსკვლავები სტუმრობენ. „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ ამიერკავკასიაში პირველი და ერთადერთი ძველებური მუსიკის ფესტივალია, სადაც ბაროკოს პერიოდის ინსტრუმენტებით და ავთენტიკური შესრულების მანერით სრულდება ძველებური მუსიკა.
ფესტივალი 27 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და ფესტივალის დასკვნით კონცერტამდე გაიმართება 4 საჯარო ლექცია: ქართული და ევროპული მუსიკის, აგრეთვე ბაროკოს პერიოდის თეატრისა და არქიტექტურის შესახებ. ლექციები „საქართველოს სინფონიეტას“ სარეპეტიციო სივრცეში, “Sinfonietta Stage”-ზე (სანაპიროს ქუჩა N 4, შენობა 2, სართული 8) 16, 18, 20 და 21 ნოემბერს გაიმართება და ჩაატარებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები და პროფესორები, როგორებიც არიან: შალვა ქურიძე (არქიტექტურის დოქტორი, ხუროთმოძღვრული ძეგლების რესტავრატორი და ქალაქმგეგმარებელი), თამარ მუქერია (თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საოპერო დასის კოორდინატორი), მიხეილ ჯავახიშვილი (აკადემიური გუნდის დირიჟორი, საქართველოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ წევრი და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი), თეა მუქერია (მუსიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის დოქტორანტი, „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი).
ფესტივალს კი 27 ნოემბერს ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრის სოლისტები და კლავესინისტი ააპო ჰეკინენი დახურავენ!
კონცერტები გაიმართება რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, დასაწყისი 19:30 სთ.