ვითხოვთ, ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები. აირჩეს ახლიდან პოლიტიკური სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაც ყველაზე მთავარია ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, პარტია ძლიერი, ორგანიზებული და ქმედითი იყოს, რადგან, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, საქართველოს გათავისუფლების, ოლიგარქი ივანიშვილის დამარცხების მთავარი ინსტრუმენტი ძლიერი ნაციონალური მოძრაობაა.
„დღეს აქ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად. ჩვენ გვინდა, გავაჟღეროთ მოთხოვნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელების მიმართ. ვფიქრობთ, პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდაპარტიული არჩევნები ყველა დონეზე. ვითხოვთ, ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, ახლიდან აირჩეს პოლიტიკური სამდივნო, პოლიტკური საბჭო და რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები.
ვფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი თავისი გულმხურვალე, მებრძოლი, ერთგული და პატრიოტი ამომრჩევლების ლეგიტიმაცია, რათა ახალი ენერგიით, ახალი გეგმით, ახალი ბრძოლისუნარიანობით ვიბრძოლოთ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით ვიცი ჩემი ასობით კოლეგის აზრი და საჭიროა, რომ ამ ადამიანებმა ღიად, საჯაროდ დააფიქსირონ თავიანთი აზრი. თუ ჩვენ გვინდა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, ამ ქვეყნის თავისუფლება, ოლიგარქიის დამარცხება, უნდა ვიბრძოლოთ ახალი ძალებით, ახალი ენერგიით და ახალი ენთუზიაზმით. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე და პარტია აუცილებლად გაძლიერდება“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.