საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, იტალიის საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ 2022 წლის 9 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით რიგით მერვე „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ გამართავს.
ფესტივალში „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები, ანსამბლები და ძველებური მუსიკის სპეციალისტები.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ ერთადერთი ბაროკოს ფესტივალია მთელს ამიერკავკასიაში, სადაც მუსიკა ბაროკოს ავთენტიკური მანერით, ისტორიულ ინსტრუმენტებზე სრულდება. ფესტივალი ასევე გამოირჩევა იმით, რომ ყოველ წელს სიურპრიზებით არის დატვირთული და ქართველ მსმენელებს აბსოლუტურად უცნობი ნაწარმოებების პრემიერებს სთავაზობს! წლევანდელი ფესტივალი სწორედ ასეთი სიურპრიზით დაიწყება და 9 ნოემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, ფესტივალს გახსნის ბოჰემიელი კომპოზიტორის, იან დისმას ზელენკას უნიკალური ნაწარმოები - Missa Sanctissimae Trinitatis, ZWV 17 („წმინდა სამების მესა“), რომელიც საქართველოში პირველად შესრულდება!
იან დისმას ზელენკა იოჰან სებასტიან ბახის თანამედროვე მუსიკოსი იყო და მას, თავად დიდი ბახი იმდენად დიდ პატივს სცემდა, რომ ნებართვაც კი აიღო მისი ნაწარმოებების შესრულებისთვის. 9 ნოემბერს კი ქართველ მსმენელს ექნება პატივი, იოჰან სებასტიან ბახის ერთ-ერთი საყვარელი კომპოზიტორის მართლაც რომ გენიალური ნაწარმოების ქართული პრემიერა მოისმინოს!
ნაწარმოებს კი თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან, „საქართველოს სინფონირტასთან“ ერთად შეასრულებენ: გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა (სამხატვრო ხელმძღვანელი - ზვიად ბოლქვაძე) და ქართველებისთვის უკვე კარგად ნაცნობი გერმანელი დირიჟორი - კორნელია ფონ კერსენბროკი.
კონცერტში აგრეთვე მონაწილეობენ ფესტივალზე მოწვეული მუსიკოსები: გაბრიელ გრამესკი, ბაროკოს ჰობოი (რუმინეთი); სტეფან ნოდილო, ბაროკოს ჰობოი (ხორვატია); ჟოაკიმ გერა, ბაროკოს ფაგოტი (ესპანეთი) და ქართველი თეორბისტი, გიორგი კუზანაშვილი, რომელიც სპეციალურად ამ ფესტივალისთვის ჩამოდის გერმანიიდან, სადაც იგი ქალაქ ფრანქფურტის მუსიკის უმაღლეს სასწავლებლში ისტორიული ინსტრუმენტების ფაკულტეტზე სწავლობს.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 9 ნოემბერს, 19:30-ზე რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე გაიხსნება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ www.biletebi.ge