3 ნოემბერს, 19:00-საათზე, „ფაბრიკაში“ (ე. ნინოშვილის ქ.#8), “ეფეს საქართველო“ „სტარტაპ ბიუროსა“ და „იმპაქტ ჰაბ თბილისთან“ ერთად PechaKucha Night Tbilisi vol. 19: Go Green & EFES Georgia Entrepreneurship Program Launch-ის ღონისძიებას უმასპინძლებს. ღონისძიებაზე „ეფეს საქართველო“ ანტერპრენერულ პროგრამასაც წარადგენს.
ღონისძიების კონცეფციაა „Going Green“. სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თავიანთ გამოცდილებაზე, თუ როგორ ცდილობს მათი ორგანიზაციები უკეთესობისკენ შეცვალონ საქართველო, რეგიონი და მსოფლიო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი თითოეული კომპანია ხელს უწყობს მსოფლიო გახდეს უფრო მწვანე და ცდილობს უკეთესი გახადოს სამყარო ადამიანების ჩვევების ცვლილებით. PechaKucha Night-ზე განიხილება კრეატიული იდეები და ინიციატივები, რომ მსგავსმა აქტივობებმა უფრო თვალსაჩინო შედეგები გამოიღოს.
“ეფეს საქართველოსთვის“ მდგრადი განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანია ამჟამად მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსა და რესურსების დაცვას, ასევე, საქართველოს მომავალი თაობისთვის გარემოს გაუმჯობესებას. მდგრადი განვითარება, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, “ეფესის“ პრიორიტეტია.
„ეფეს საქართველოს“ ანტერპრენერული პროგრამა მიზნად ისახავს, დაეხმაროს ქართველ მეწარმეებს ქვეყნის მდგრად განვითარებაში. კომპანია ახორციელებს სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტს, რომლებიც მოიცავს ჩამდინარე წყლის წმენდას, პლასტმასის გამოყენების შემცირებას, ენერგოეფექტურობას და ა.შ.
PechaKucha-ს შესახებ
PechaKucha 2003 წელს იაპონიაში, ცნობილი არქიტექტორების, ასტრიდ კლეინისა და მარკ დითამის მიერ დაარსდა. თავად სიტყვა PechaKucha იაპონური წარმოშობისაა და ინგლისურად “chit-chat” ითარგმნება.
ამ დროისთვის, PechaKucha Nights თითქმის 1300 ქალაქში ტარდება. ღონისძიებას არაფორმალური, სახალისო შეკრების კონცეფცია აქვს, სადაც იკრიბებიან კრეატიული ადამიანები, ნოვატორები, მეწარმეები და ერთმანეთს თავიანთ იდეებს, პროექტებსა და აზრებს უზიარებენ PechaKucha 20x20 ფორმატში.
PechaKucha 20x20 პრეზენტაციის ფორმატი 20 სურათისგან შემდგარ სლაიდშოუს გულისხმობს, რომლებიც წამებში იცვლება. სლაიდშოუ უწყვეტია და თითოეულ მონაწილეს თავისი ისტორიის მოსაყოლად 400 წამი აქვს.
„ეფეს საქართველოს“ შესახებ
„ეფეს საქართველო“ “ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფის” (EBI) წარმომადგენლობაა საქართველოში, რომელიც აწარმოებს “ნატახტარის” ლუდსა და ლიმონათს და ასევე სხვადასხვა ადგილობრივ თუ ლიცენზირებულ ლუდს ქართული ბაზრისთვის.
„ეფეს საქართველო” ქართული ლუდის და ლიმონათის ბაზრის ლიდერია. კომპანია საექსპორტო ბაზრებზე წარმოდგენილია 2006 წლიდან.
„სტარტაპ ბიურო“ შესახებ
სტარტაპ ბიურო მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო თუ საჯარო სექტორებთან, რათა მათი ჩართულობით წარმატებით დანერგონ ქვეყანაში ჰაკათონები, ბიზნეს ბანაკები, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები, ტრენინგები, კონფერენციები და სხვა უნარ-ჩვევებისა თუ შესაძლებლობების განვითარების პროგრამები მეწარმეებისთვის, ინოვატორებისა და შემოქმედებისათვის.