ქართულ პოლიტიკაში რუსული ფული არსებობს და ზოგჯერ შემომწირველები იმაზე მეტ ფულს სწირავენ პარტიებს, ვიდრე ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული - შესაბამისი განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორმა გააკეთა.
ეკა გიგაური ამბობს, რომ პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ქართულ პოლიტიკაში გამოწვევები არსებობს.
"ჩვენ ვიცით, რომ პარტიების დაფინანსების სისტემა გარკვეულწილად არის გამჭვირვალე. წლების წინ ეს სისტემა ჩამოყალიბდა და პრინციპში, ვიცით, რომ ყველა პარტია აგზავნის დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას, რაც არის ხელმისაწვდომი, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს გამოწვევები, მათ შორის როგორც ჩანს, რუსული ფული არსებობს ქართულ პოლიტიკაში. ეს არის გამოწვევები, რომლებზეც გვინდა, ერთად ვისაუბროთ, როგორ შევებრძოლოთ ამ გამოწვევებს და რა შეიძლება გაკეთდეს, რათა ქვეყანა ამ გამოწვევების წინაშე არ დადგეს”, - განაცხადა ეკა გიგაურმა.
ამასთან, მისი თქმით, "პატრიოტთა ალიანსის" რუსული წყაროებით სავარაუდო დაფინანსებაზე ინფორმაციას რეაგირება არ მოჰყვა .
"წარსულში გვახსოვს "პატრიოტთა ალიანსთან" დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელებში. მაშინ გავავრცელეთ ინფორმაცია იმაზე, რომ ეს არის პრობლემა, თუმცა ადეკვატური რეაგირება არ მოჰყვა"- განაცხადა ეკა გიგაურმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ქვეყანაში რუსული გავლენების, პარტიების დაფინანსების წყაროების, ფინანსებზე ზედამხედველობისა და გამჭვირვალობის თაობაზე დისკუსიას მართავს.