საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, იტალიის საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ 2022 წლის 9 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით რიგით მერვე „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ გამართავს.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა 2015 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დააარსა. ფესტივალმა უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი და მას ყოველწლიურად ბაროკოს მუსიკის მსოფლიოს ვარსკვლავები სტუმრობენ. „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ ამიერკავკასიაში პირველი და ერთადერთი ძველებური მუსიკის ფესტივალია, სადაც ბაროკოს პერიოდის ინსტრუმენტებით და ავთენტიკური შესრულების მანერით სრულდება ძველებური მუსიკა.
ფესტივალში „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები, ანსამბლები და ძველებური მუსიკის სპეციალისტები, როგორებიც არიან: მომღერალთა ანსამბლი “Organum” (საფრანგეთი), ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრის სოლისტები (ფინეთი) და ააპო ჰეკინენი (კლავესინი), მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე ფაბიო ბიონდი და მის მიერ დაარსებული ანსამბლი "Europa Galante” (იტალია), კორნელია ფონ კერსენბროკი (დირიჟორი, გერმანია), საქართველოს სახელმწიფო აკადემიური ანსმბლი „რუსთავი“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ქართველი თეორბისტი გიორგი კუზანაშვილი, რომელიც გერმანიიდან გვეწვევა ფესტივალზე. აგრეთვე მონაწილეობენ სოლისტები: გაბრიელ გრამესკი, ბაროკოს ჰობოი (რუმინეთი), სტეფან ნოდილო, ბაროკოს ჰობოი (ხორვატია) და ჟოაკიმ გერა, ბაროკოს ფაგოტი (ესპანეთი).
აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე ჩამოსული ვარსკვლავები, გარდა კონცერტებისა ძველებური მუსიკის ავთენტიკური შესრულების მიმართულებით მასტერკლასებს ჩაატარებენ.
ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება 4 საჯარო ლექცია: ქართული და ევროპული მუსიკის, აგრეთვე ბაროკოს პერიოდის თეატრისა და არქიტექტურის შესახებ და ჩაატარებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები და პროფესორები, როგორებიც არიან: შალვა ქურიძე (არქიტექტურის დოქტორი, ხუროთმოძღვრული ძეგლების რესტავრატორი და ქალაქმგეგმარებელი), თეა მუქერია (მუსიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის დოქტორანტი, „საქართველოს სინფონიეტას საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი), მიხეილ ჯავახიშვილი (აკადემიური გუნდის დირიჟორი, საქართველოს სახელმწიფო აკადემიური ანსმბლ „რუსთავის“ წევრი და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი) და თამარ მუქერია (თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საოპერო დასის კოორდინატორი).
ლექციები „საქართველოს სინფონიეტას“ სარეპეტიციო სივრცეში, “Sinfonietta Stage”-ზე (სანაპიროს ქუჩა N 4, შენობა 2, სართული 8) გაიმართება და დასწრება თავისუფალია.
საფესტივალო კონცერტები: 9, 11, 13, 15 და 27 ნოემბერს რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, ხოლო 24 ნოემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკისა კულტურის ცენტრში გაიმართება.
კონცერტების ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება სალაროში და ონლაინ ვებ-გვერდზე: www.biletebi.ge