ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი უკრაინაში მიიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილე პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს. მისი თქმით, მსგავსი მასშტაბის საპარლამენტო ფორმატის მხარდაჭერა ყირიმის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის ინსტრუმენტია.
"ყირიმის საერთაშორისო პლატფორმა საპარლამენტო დონეზე ამოქმედდა. ჩვენ აუცილებლად გავათავისუფლებთ ყირიმს. ჩვენი სახელმწიფოს ამ ნაწილს დავაბრუნებთ არა მხოლოდ უკრაინულ, არამედ ევროპულ სივრცეში.
მადლიერი ვარ ჩვენი ყველა პარტნიორის, საუბარია დაახლოებით 50 სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციაზე, რომლებიც საპარლამენტო ფორმატში მხარს გვიჭერენ. ეს ყირიმის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის პროცესში დამატებითი, ძალიან ძლიერი დონის ინსტრუმენტია.
ამ მიმართვის ჩაწერამდე ვესაუბრე დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს. მჯერა, რომ პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად კიდევ უფრო გაძლიერდება. ახალი პრემიერ-მინისტრი უკრაინაში მოვიწვიე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.