გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ერთობლივ ბრიფინგზე ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამეს.
როგორც ჯაფარიძემ თქვა, საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირი შეფასების წერას არა მიმდინარე წლის ბოლოს, არამედ მომავალი წლის თებერვალ-მარტში დაიწყებს და 2023 წლის ბოლოს დაასრულებს.
ჯაფარიძის თქმით, დასავლელი პარტნიორები "ისეთ ტენდენციებს ხედავენ, რომ შეფასების მისია, ამ წუთის მდგომარეობით, იქნება ნეგატიური".
"წლის ბოლოს, სავარაუდოდ, მაღალი ალბათობით, არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება. შეფასების წერას დაიწყებენ მომავალი წლის თებერვალ-მარტში, სავარაუდოდ და დაასრულებენ წლის ბოლოს და მაღალი ალბათობით, ამ წუთის მდგომარეობით, ისეთ ტენდენციებს ხედავენ ისინი, რომ შეფასება იქნება ნეგატიური. მათ შორის, ამის მიზეზი არის ის, რომ რიგ პუნქტებთან მიმართებაში ისინი ელოდებიან არა უბრალოდ საკანონმდებლო ცვლილებებს, არამედ ელოდებიან იმას, რომ პრაქტიკაში, დროში დააკვირდნენ, როგორ მუშაობს ეს საკანონმდებლო ცვლილებები ანუ, უნდა დაინახონ, რომ რეალურ ცხოვრებაში ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მოაქვს შედეგი, მათ შორის ასეთი ერთ-ერთი პუნქტი არის დეოლიგარქიზაცია", - თქვა ჯაფარიძემ.