ოფიციალური თბილისი ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული შეიარაღების გაზრდის თაობაზე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას მოახდენს.
"ჩვენ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ნებისმიერ ქმედებასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ინფორმაციით, საუბარია არა შეიარაღების გაზრდაზე, არამედ როტაციულ ქმედებებზე", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.
მისივე შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ნებისმიერი ქმედება არღვევს 12 აგვისტოს შეთანხმებას, "რომ აღარაფერი ვთქვათ იმ საერთაშორისო ნორმებზე, რომლებიც მას საქართველოს ტერიტორიული საზღვრების დაცვას ავალდებულებს".
შეგახსენებთ, რომ სააგენტო "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, რუსეთმა ცხინვალის რეგიონში დამატებითი სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა შეიყვანა.