საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შავი ზღვის კვლევის საერთაშორისო ცენტრის თანათავმჯდომარეს თედო ჯაფარიძეს სათანადო "მეცნიერული ბეგრაუნდის" არქონას უწუნებს.
სწორედ ამ მიზეზით ხსნის ოფიციალური თბილისი აღნიშნულ თანამდებობაზე ჯაფარიძის ხელმეორე ვადით დანიშვნაზე უარის თქმას.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ პოსტზე მიზანშეწონილად ახალი კანდიდატურის წარდგენა მიიჩნია, რომელსაც როგორც მეცნიერული ბეგრაუნდი, ისე კარიერული გამოცდილება ექნება. ესაა დანიაში ჩვენი მოქმედი ელჩი დავით კერესელიძე, რომელსაც მეცნიერული წარსულიც აქვს და ამ ორგანიზაციის საკითხებზე მუშაობის გამოცდილებაც", - განმარტა კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, შავი ზღვის კვლევის საერთაშორისო ცენტრის თანათავმჯდომარის პოსტზე კერესელიძის სახით კანდიდატურა, ამ ეტაპზე, მხოლოდ ქართულ მხარეს აქვს დასახელებული.
აღსანიშნავია, რომ ეს თანამდებობა როტაციულია. მასზე 3 წლის ვადით ინიშნებიან.