ოფიციალური თბილისი ლატვიაში საქართველოს ელჩის, კონსტანტინე კორკელიას მუშაობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ვერ ხედავს.
როგორც ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ "ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე კომენტირებისას განუცხადა, საგარეო უწყება კორკელიას საქმიანობის მოკვლევას არ აპირებს.
"არავითარი მოკვლევა არ დაწყებულა და არც დაიწყება. ჩვენი საელჩო ლატვიაში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. გავრცელებული ინფორმაცია სწორიც რომ იყოს, ის არის მხოლოდ ერთი დიპლომატის მოსაზრება, თუმცა ჩვენ არანაირი საფუძველი არ გვაქვს მის მუშაობაში ეჭვი შევიტანოთ", - განმარტა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ვიკილიქსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლატვიაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე კორკელიამ რიგ დიპლომატებთან პირად საუბრებში განაცხადა, რომ ცხინვალში შეჭრა საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელა.