თუკი ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა იყოს, ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. ეს იქნება ვიღაცის დაუდევრობა, იქნება ისეთი საქციელი ან მოქმედება, რამაც ეს შედეგი დააყენა, დარწმუნებული ვარ, ამ პასუხისმგებლობას ვერავინ წაუვა, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევას.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, რადიკალური ოპოზიცია, ამ შემთხვევის მსგავსად, მუდმივად სარგებლობს ტრაგედიებით.
მისივე თქმით, საგამოძიებო ორგანოებს სიმართლის დასადგენად რა ვადებიც დასჭირდებათ იმ ვადებში დადებენ შედეგს.
„პირველ რიგში, გულწრფელი სამძიმარი მშობლებს, რომლებმაც გაზარდეს გმირი, რომელმაც თავისი მეგობრებისთვის თავი გაწირა. ჩვენი რადიკალი ოპონენტები, რომლებიც ტრაგედიით მოსარგებლეები გახდნენ და სამწუხაროდ ეს პირველად არ ხდება, მიჩვეულები იყვნენ თავისი მმართველობის დროს მეორე ან მესამე დღესვე გამოუძიებელი შედეგების დადებას. ეს არ არის ასეთი მარტივი ამბავი, რომ ექსპერტიზების, დაკითხვებისა და საგამოძიებო მოქმედებების გარეშე შეიძლებოდეს მეორე და მესამე დღეს დასკვნების გამოტანა. დარწმუნებული ვარ, გამომძიებლები მაქსიმალურად მოკლე ვადაში შეეცდებიან, კონკრეტული შედეგი დადონ ამ საქმეზე. მეტს მე ვერაფერს გეტყვით ამასთან დაკავშირებით. არის უდიდესი ტრაგედია და დარწმუნებული ვარ, ეს გათავისებული აქვს ყველას, მათ შორის, საგამოძიებო ორგანოებს, რომლებიც ამ საქმეს იძიებენ და შეეცდებიან უმოკლეს ვადებში, არა რაღაც შედეგისთვის შედეგის დასადებად, სიმართლის დასადგენად რა ვადებიც დასჭირდებათ, იმ ვადებში დადებენ შედეგს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.