ილონ მასკმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ SpaceX შემოსავლებს კარგავს, კომპანია უკრაინაში Starlink-ის სისტემის დაფინანსებას კვლავ გააგრძელებს.
"ჯანდაბას, მიუხედავად იმისა, რომ Starlink კვლავ კარგავს შემოსავლებს მაშინ, როცა სხვა კომპანიები მილიარდებს იღებენ გადასახადების გადამხდელებისგან, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ხელისუფლების დაფინანსებას". – წერს ილონ მასკი.
14 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა პენტაგონს მიმართა, რომ უკრაინაში Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო კომპლექსების ექსპლუატაციის დაფინანსება თავის თავზე აეღო.
კომპანიის წერილში აღნიშნული იყო, რომ Starlink-ს აღარ შეუძლია სერვისის დაფინანსება და იმ შემთხვევაში, თუ პენტაგონს სურს უკრაინის მთავრობისა და შეიარაღებული ძალებისთვის Starlink-ის სერვისის უფასოდ მიწოდება, მათ ის თვითონ უნდა დააფინანსონ, რაც მიმდინარე წლის ბოლომდე $120 მილიონზე მეტი ღირს, ხოლო შემდეგი 12 თვისთვის დაახლოებით $400 მილიონი.