საქართველოს სახალხო არტისტის, ქართული თეატრის ლეგენდის - ზინაიდა კვერენჩხილაძის დაბადების 90-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოვიდა წიგნი-ალბომი „ზინაიდა კვერენჩხილაძე - 90“. მასში წარმოდგენილ უნიკალურ ფოტოკადრებში, როგორც ინფორმაციის ვიზუალიზების ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ტრადიციულ ფორმაში, მაღალი ხელოვნების იდეასთან ერთად, გაცოცხლებულია დიდი მსახიობის შემოქმედება სცენასა და ეკრანზე.
წიგნი-ალბომი იხსნება საბა მეტრეველის წერილით „მწვერვალი არტისტული სრულქმნილებისა“, რომელშიც შეფასებულია ზინაიდა კვერენჩხილაძის ცხოვრება და შემოქმედება, მისი ადგილი ქართული თეატრის ისტორიაში; არტისტული პროფილის საჩვენებლად აქცენტირებულია ბავშვობისდროინდელი ანარეკლები, სცენის შიში და წყურვილი, ბრწყინვალე სპორტული კარიერა (საქართველოს ორგზის ჩემპიონი ფარიკაობაში), მერე სტუდენტობის მშფოთვარე წლები აკაკი ხორავას ჯგუფში, ტრიუმფი სტუდენტობიდანვე. გამოყოფილია მისი მოქალაქეობრივი აქტივობები, ეროვნულ-პატრიოტულ მისწრაფებები და თავდაუზოგავი შრომას დმანისის თეატრის დასაარსებლად; საგანგებოდაა აქცენტირებული რადიოს როლი მსახიობის შემოქმედებაში, მისი მოღვაწეობა ქართულ ესტრადაზე, როგორც ახალ ეტაპი მხატვრული კითხვის ხელოვნებასა და ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში. ალბომში თავებადაა გამოყოფილი ექსპრომტები, ფრაგმენტები თაყვანისმცემლების წერილებიდან, მიძღვნილი ლექსები, გზა მონასტრისაკენ და ზ. კვერენჩხილაძის სახე ხელოვნებაში.
ამ ტიპის წიგნი-ალბომის შედგენა ზინაიდა კვერენჩხილაძის დიდი სურვილი იყო, რომლის განხორციელება მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი.
წიგნი-ალბომის შემდგენელ-რედაქტორია ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი საბა მეტრეველი, რომლისთვისაც ეს მესამე წიგნია „მსახიობის სიტყვათმეტყველებასა“ (2009) და „ტრაგიკულ ტალანტთან“ ერთად (2012) დიდი მსახიობის შესახებ დაწერილი.