თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ვიმ ვენდერსის "სინათლის ხრიკით" და უძველესი ქართული ანიმაციური ფილმებით დაიხურა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ვიმ ვენდერსის "სინათლის ხრიკით" და უძველესი ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენებით დასრულდა.
"სინათლის ხრიკი" 1995 წელს არის გადაღებული და კინოს დაბადებას აღწერს ბერლინში, სადაც ძმებმა სკლადანოვსკებმა ბიოსკოპი შექმნეს. ანიმაციური ფილმები - „გაზაფხული“ (1930) და „კოლხიდა“ („არგონავტები“) (1934) - ბოლო იყო იმ 80-მდე დოკუმენტურ, მხატვრულ და ანიმაციურ ფილმს შორის, რომელიც მაყურებელმა ფესტივალის ფარგლებში იხილა.
საქართველოს, გერმანიის, იტალიის, აშშ-ის, ესპანეთის, მალტის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, ჩეხეთის, ხორვატიის, მოლდოვას კინოარქივებში, კინოთეკებსა და კინომუზეუმებში დაცული საარქივო ფილმები ეროვნული არქივის კინოდარბაზში 5-დან 8 ოქტომბრის ჩათვლით იყო ნაჩვენები. ჩეხეთის ეროვნული კინოარქივის, ხორვატიის სინემათეკისა და გერმანიის ფედერალური არქივის საფესტივალო პროგრამები ამ ორგანიზაციებიდან ღონისძიებაზე ჩამოსულმა სტუმრებმა - მატეი სტრნადმა, ვეირან პავლინიკმა და ადელჰაიდ ჰეფტბერგერმა წარადგინეს. ფესტივალში მონაწილეობისათვის მათ სპეციალური ჯილდო და სერტიფიკატი გადაეცათ.
კინოფესტივალისთვის შერჩეული ფილმები 1895 – 1960-იან წლებში ძმები ლუმიერების, ძმები სკლადანოვსკების, იან კრიჟენეცკის, ვასილ ამაშუკელის, ჟორჟ მელიესის, აურელიო პაზ დორ რეისის, ლადო მუჯირის, ჟორჟ პალუს, ოქტავიან მილეტიჩის, ვიმ ვენდერსისა და სხვების მიერ არის გადაღებული.
თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალმა დახურვის ცერემონიაზე საჩუქარი მიიღო სტუდია „პიონერფილმისგან“. სტუდიის ხელმძღვანელმა გრიგოლ ჩიგოგიძემ ფესტივალის ორგანიზატორებს „პიონერფილმში“ დამზადებული უხმო ფილმების კინოვარსკვლავის მერი პიკფორდის თოჯინა გადასცა.
საქართველოს ეროვნულმა არქივმა თბილისის საარქივო ფილმების ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი 2022 წელს პირველად ჩაატარა. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.
თბილისის საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალი 2023 წლის ოქტომბერში გაიმართება.