კატეგორიულად ვგმობ და გაერო-ს წესდების, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის უხეშ დარღვევად მიმაჩნია ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში „ვიზიტით“ ჩასვლა, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დავით ბაქრაძე აცხადებს.
ბაქრაძის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ლუკაშენკოსვე აღიარებით, ეს ხდება რუსეთის პრეზიდენტის დავალებით და უკრაინაში ორგანიზებული უკანონო „რეფერენდუმების“ პარალელურად.
„სამწუხაროდ, სრულიად ნათელია, რომ ახლო მომავალში შესაძლოა, განვითარდეს საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის უაღრესად საშიში და პროვოკაციული პროცესები. ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში არეულობისა და კონფლიქტის პროვოცირებით დაინტერესებული ერთადერთი მხარე რუსეთია, ხოლო ევროკავშირი და აშშ იყო და კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის დაცულობის, უსაფრთხოებისა და სამომავლო განვითარების გარანტად. სწორედ ამიტომ არის მცდარი და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი ხელისუფლების ბოლოდროინდელი რიტორიკა, რომლის მიზანიც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ქვეყანაში ომის გაჩაღების და დესტაბილიზაციის სურვილის დაბრალებაა. ასევე, ცხადია, რომ პრეზიდენტ პუტინის მაამებლური დაშოშმინების პოლიტიკა არანაირად არ ცვლის საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ მის გეგმებს და საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების გზა გადის მხოლოდ ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე, როგორც ეს მოხდა ბალტიის და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების შემთხვევაში“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.
ამასთან, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ამ საფრთხეების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა შეძლოს ერთიანობის ჩვენება ქვეყნის ინტერესებისა და მისი უსაფრთხოების დასაცავად.
„მიუხედავად ფუნდამენტური უთანხმოებებისა ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ, მათ შორის, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობისა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებთან დამოკიდებულების ნაწილში, მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ყველა იმ გადაწყვეტილებასა და ნაბიჯში, რომელიც რეალურად ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და დასავლური ორიენტაციის დაცვას“, – აღნიშნავს დავით ბაქრაძე.
როგორც ცნობილია, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა და საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარა.