უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მუქარები ბირთვული იარაღის გამოყენებაზე შესაძლოა რეალური იყოს. ამის შესახებ ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"შესაძლოა, გუშინ ბლეფი იყო. ახლა, შეიძლება იყოს რეალობა. არ მგონია, მისი ნათქვამი ბლეფი იყოს. მან მიზანმიმართულად დაიკავა ჩვენი ატომური ელექტროსადგური და ქალაქი ენერგოდარი. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთ ატომურ ელექტროსადგურზე დაიწყეს სროლა. რაკეტა მოხვდა ატომური სადგურიდან 300 მეტრში.ატომურმა სადგურმა დაკარგა ყველა ფანჯარა და კარი და ა.შ. ასე რომ, მას სურს შეაშინოს მთელი მსოფლიო. ეს მისი ბირთვული შანტაჟის პირველი ნაბიჯებია. არამგონია ბლეფს აკეთებს. მსოფლიო აკავებს მას და იცავს ამ საფრთხეს. ჩვენ უნდა განვაგრძოთ მასზე ზეწოლა და არ მივცეთ უფლება მას გააგრძელოს", – თქვა ზელენსკიმ.
ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გასცა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ "ბირთვული შანტაჟის" გაგრძელების შემთხვევაში, მოსკოვი მათ მთელი არსენალით უპასუხებს. ასევე, პუტინმა NATO-ს ქვეყნების მაღალჩინოსნები რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების, ბირთვული იარაღის გამოყენებასა და დასაშვებობაზე საუბარში დაადანაშაულა.