"მეორე სუნთქვით" - ამ სათაურით ვრცელ სტატიას მიხეილ სააკაშვილს ცნობილი ექსპერტი სერგეი მარკედონოვი უძღვნის. საერთაშორისო სტრატეგიული კვლევითი ცენტრის წარმომადგენლის პუბლიკაცია "გაზეტა რუ"-ში დაიბეჭდა.
"მრჩება შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილს საგარეო კუთხით მეორე სუნთქვა გაეხსნა", - წერს სტატიის ავტორი, რაშიც საქართველოსთან დაკავშირებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებულ რეზოლუციას, ლისაბონში სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრას, ასევე, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას გულისხმობს.
მარკედონოვი წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სერიოზულ სვლებს არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ აღმოსავლეთის მიმართულებითაც აკეთებს, რაც ირანთან ურთიერთობის გაღრმავებაში გამოიხატება.
"ყველაზე მთავარი კი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივებია, რომლებიც ერთმანეთს გამუდმებით მოსდევენ. უმნიშვნელოვანესია განცხადება იმის თაობაზე, რომ დაუშვებელია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული პრობლემების ძალის გამოყენებით გადაწყვეტა და მიმართვა რუსეთის ხელისუფლებისადმი, რომ ეთნოპოლიტიკური კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივის განსახილველად, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შეხვდნენ", - წერია სტატიაში.
გარდა ამისა, ექსპერტის აზრით, მიხეილ სააკაშვილის ქმედებების მთავარი მიზანი მსოფლიოსთვის იმის ჩვენებაა, რომ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა.
"დასავლეთში მიხვდნენ, რომ სააკაშვილის გარდა სხვა ალტერნატივა არ არბებობს. თუ აგვისტოს ომის შემდეგ მსოფლიოს ლიდერები პრეზიდენტ სააკაშვილთან ურთიერთობას გაურბოდნენ, აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ივლისში, თბილისში ათამდე გავლენიანი პოლიტიკოსი ჩავიდა, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი", - აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც ავტორი აქვე იმასაც იხსენებს, რომ სააკაშვილს თავისი აქტიურობის გამო ცნობილმა ბრიტანელმა ექსპერტმა ტომას დე ვალმა "ჯადოქარი" უწოდა.
სტატიის ბოლოს მარკედონოვი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ისწავლოს პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივებზე კომპეტენტურად რეაგირება და რუსეთის ლიდერებს ურჩევს, გამოიყენოს მოლაპარაკების მაგიდა.
"სააკაშვილის ფიგურა საკმაოდ სერიოზული და ხანგრძლივია", - მიიჩნევს ექსპერტი.