დღეს, 24 სექტემბერს, კრწანისის რაიონში, 300 არაგველის სკვერის მიმდებარედ „კრწანისობა 2022“ გაიმართება. ღონისძიებას კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე დაესწრება.
11:30-ზე ღონისძიება მეფე ერეკლე II-ისა და კრწანისის ბრძოლის შესახებ ლექციით გაიხსნება. ლექციას ჯაბა სამუშია წარუძღვება.
12:00 საათზე კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სულის სავედრებელი პარაკლისი აღევლინება, რომლის დასრულების შემდეგ, ღონისძიების კულტურული ნაწილი დაიწყება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „შვიდკაცა“ და ფოლკლორული ანსამბლი „თბილისი“. იქნება მხატვრული კითხვა, მოეწყობა ძველი, ქართულ-კავკასიური საბრძოლო იარაღისა და ქართული სამოსის გამოფენა (ხმლები, თოფები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგი, ხევსურული ტალავერი, ჩოხა, ყაბალახი, აჭარული ჩაქურა და სხვა).
ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს საშუალება ექნებათ, მოირგონ ინვენტარი და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები.