სპორტის უნივერსიტეტი ადგილმდებარეობას არ შეიცვლის და ახალი შენობა ჭავჭავაძის გამზირზე, იმავე ადგილას აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ქონება გადაეცემა ინვესტორს იმ დათქმით, რომ ორ წელიწადში ის ააშენებს იმავე ტერიტორიაზე, სადაც დღეს სპორტის უნივერსიტეტი დგას, ახალ უნივერსიტეტს.
„დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ახალი ამბავი. სულ რამდენიმე ხანში, ჩემი ვარაუდით, ორ-სამ კვირაში საქართველოს მთავრობა მოიწონებს და დაამტკიცებს სპორტის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს იმას, რაც ყველას გვინდოდა, რომ სპორტის უნივერსიტეტი კი არ გადასახლდეს სხვაგან, არამედ დარჩეს იქ, სადაც არის სიმბოლო, ის ადგილი, სადაც დიდი სპორტსმენები სწავლობდნენ და ყალიბდებოდნენ ჩვენი ქვეყნის სიამაყეებად. ეს გახლავთ ჩვენს დედაქალაქში, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. ეს არის დიდი მიღწევა, რადგან გარკვეული წლების წინ დაგეგმილი იყო, ჯერ წინა ხელისუფლების დროს სპორტის უნივერსიტეტის გასხვისება, უბრალოდ გაყიდვა. ვის რად უნდა სპორტის უნივერსიტეტი – ასეთი იყო მაშინ განწყობა. მაგრამ სპორტსმენებმა ის დაიცვეს. ეს ჩვენ ყველას გვახსოვს. შემდეგ იყო გეგმა, ამისთვის გამოიყო კიდეც მიწის ნაკვეთი, რომ დიღომში აშენებულიყო ახალი უნივერსიტეტი, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ, რომ უნივერსიტეტი, ახალი უნივერსიტეტი აშენდეს თავიდან, აშენდეს იქ, სადაც ის დღეს დგას და ტრადიციულად იდგა. სამხარაულის ექსპერტიზა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაც ისედაც ვიცოდით, რომ ამ შენობის გამაგრება და რეაბილიტაცია შეუძლებელია. კედლები არაერთ ადგილას არის გახსნილი. ჩვენ სასწავლო პროცესი უკვე ვეღარ ვაწარმოეთ ამ შენობაში. მადლობას ვუხდი სხვადასხვა დაწესებულებას და პირველ რიგში, სოხუმის უნივერსიტეტს, რომელმაც სპორტის უნივერსიტეტი არაერთხელ შეიფარა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.