ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსთვის 90-იან წლებში დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული 6 ფერწერული ტილოდან 5 ნამუშევარი, კულტურის სამინისტროს ძალისხმევით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა.
კერძოდ, ეროვნულ გალერეაში დაბრუნდა 5 ფერწერული ტილო, რომლებიც 1993 წელს საელჩოს დროებით გადაეცა: ლევან ლაღიძე - „პეიზაჟი“; ზაზა ბერძენიშვილი - „კომპოზიცია“; გელა მანჯავიძე - „მაგიდის ქვეშ“; თამაზ კაკაბაძე - „თეთრი სახლი“ და ზაურ გოლავა - „ქალი ყვავილებით“.
ბელგიიდან კიდევ ერთი ტილო დაბრუნდა, მაგრამ ის, სამუზეუმო ექსპერტების შეფასების შედეგად, არ აღმოჩნდა ედმუნდ კალანდაძის „შიშველი ქალი“, რომელიც ზემოაღნიშნულ 5 ტილოსთან ერთად იქნა საელჩოსათვის გადაცემული.
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინ ნახატის შესწავლისას, გაჩნდა კითხვის ნიშნები. კერძოდ, ნახატზე არ არის ასახული რაიმე საიდენტიფიკაციო ნიშანი (ნახატის სახელწოდება, ავტორის ხელმოწერა, ფონდის საინვენტარო ნომერი ან სხვა ნიშანი), რომელიც ყველა სხვა ნახატს, რომელიც მუზეუმში ყოფილა ოდესმე დაცული, თან ახლავს და ადასტურებს როგორც ნახატის ავტორის ვინაობას, ასევე კონკრეტული ფონდის კუთვნილებას.
შესაბამისად, მეექვსე ტილოს საკითხი დამატებითი შესწავლისათვის დაექვემდებარა კულტურის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რის შემდეგაც, გადაიგზავნება საქართველოს პროკურატურაში. მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ ედმუნდ კალანდაძის ნახატის დაკარგვისა და მისი სხვა, უცნობი მხატვრის ნახატით ჩანაცვლების შესახებ ჯერ კიდევ 2012 წლის დასაწყისში უნდა გამხდარიყო საელჩოსათვის ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლამდე აღნიშნული ექსპონატების საქართველოში დასაბრუნებლად საჭირო პროცედურები მუზეუმს არ წამოუწყია და ისინი 90-იანი წლების შემდეგ, მხოლოდ ახლა, კულტურის სამინისტროს ინიციატივისა და მუშაობის შედეგად დაუბრუნდნენ ეროვნულ გალერეას.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აპრილში, თეა წულუკიანის ინიციატივით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან სხვადასხვა დროს (1999-2010 წლები) უცხოეთში ან სხვადასხვა უწყებაში გატანილი ექსპონატების შეგროვება და მათი მუზეუმებში დაბრუნება დაიწყო.
შედეგად, 2021 წლის მაისში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა კულტურის სამინისტროს შენობაში მოძიებული 12 ფერწერული ტილო (ელენე ახვლედიანი, „ფასანაური“; ელენე ახვლედიანი, „ძველი ქუთაისი“; ედმონდ კალანდაძე, „ძველი სასაფლაო - ბაზილიკა“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „ნატურმორტი“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „პეიზაჟი“; ლევან ლაღიძე, „განდევნა“; სერგო ქობულაძე, „რუსთაველი“; სერგო ქობულაძე, „დანტე“; იდა ოცხელი, „ფოთოლცვენა“; რადიშ თორდია, „მოხუცი ქალი შემოდგომის ყვავილებით“; მიხეილ ხვიტია, „შემოდგომა“; თენგიზ ცხონდია, „ძველი თბილისის კუთხე“).
2021 წლის სექტემბერში, ეროვნულ გალერეაში დაბრუნდა ჩეხეთის რესპუბლიკაში 2010 წელს გატანილი 4 ფერწერული ტილო: ირაკლი სუთიძის ,,ნატურმორტი“; თენგიზ ცხონდიას ,,ქართლი“; ომარ კაჭკაჭიშვილის ,,ადრეული გაზაფხული“ და გურამ ნავროზაშვილის ,,აღორძინება“.
ასევე, 2021 წლის ნოემბერში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაბრუნდა 2003 წელს რუსეთის ფედერაციისთვის საქართველოდან დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული ნახატები. ეს ნახატები წლების განმავლობაში რუსეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის საცავებში ინახებოდა. საქართველოში რუსეთიდან დაბრუნდა შემდეგი ნამუშევრები: ბორის ფოგელი - ,,თელავი“ (1936 წელი); ევგენი ლანსერე - ,,ხევსურეთი“ (1926 წელი); ბორის ფოგელი - ,,სასულიერო სემინარია“ (1934 წელი); გრიგორი გაგარინი - ,,ქართველი ქალები“ (1854 წელი); ლევ ლაგორიო - ,,ანასტასია ორბელიანი-გაგარინას პორტრეტი“ (1850 წელი), კარლ ჟუკოვსკი - „ივანე ანდრონიკაშვილის პორტრეტი“ (1850 წელი).
აღსანიშნავია, რომ ექსპონატები 2022 წლის 19 აპრილში ირანიდანაც დაბრუნდა საქართველოში. კერძოდ, 1995 წელს ირანში საქართველოს საელჩოსთვის დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული 15 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრიდან ნაწილი, 4 ექსპონატი დაუბრუნდა საქართველოს ეროვნულ გალერეას: დიმიტრი ხახუტაშვილი - „იმერეთი“; შოთა ლეჟავა - „გრემი“; ზაურ დეისაძე - „აკაკი წერეთლის ცხოვრება“; გრიგოლ ჩირინაშვილი - „შოთა რუსთაველი“.
სამწუხაროდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შორის 2012 წლის ბოლოდან წარმოებული მიმოწერით დასტურდება, რომ 15 ექსპონატიდან 11 დაკარგულად მიიჩნევა.
საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოდან კი, 1999 წელს დროებით საექსპოზიციოდ გატანილი 2 ფერწერული ტილო დაბრუნდა, ესენია: გივი თოიძის „ძველი თბილისი“ და კოტე ჭანკვეტაძის „ნატურმორტი“.