მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეკა ბესელიას მოძრაობიდან აცნობეს, ხელისუფლება განათლების სისტემას ანგრევს.
"ჩვენ შეშფოთებულები ვართ ბოლო პერიოდში განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებითა და სამინისტროს მიერ საჯარო სკოლების, პედაგოგებისა და მოსწავლეების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის გამო. სამინისტრომ საკმარისად არ მიიჩნია საჯარო სკოლებიდან პედაგოგთა მასიური შემცირებები და ამ დრომდე კვლავ აგრძელებს კვალიფიციური მასწავლებლების გათავისუფლებას, რისი ნათელი მაგალითიც ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ, 173-ე სკოლაში განვითარებული მოვლენებისას იხილა, როდესაც მინისტრის სტუმრობისას სკოლამ ღიად და დაუფარავად გააპროტესტა პედაგოგთა და დირექტორის გათავისუფლების საკითხი", - აღნიშნულია მოძრაობის განცხადებაში.
მასში ასევე ნათქვამია, რომ მანდატურის ინსტიტუტის შემოღებით, სკოლებში დამკვიდრება დაიწყო პოლიციურმა რეჟიმმა, რომლის მთავარი ფუნქცია არა სასკოლო დისციპლინისა და მოსწავლეთა მეთვალყურეობა, არამედ პედაგოგთა სრული კონტროლი, მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და აქტივობის შესწავლაა.
"სამინისტრო ასევე ახდენს იმ დირექტორების შევიწროებას, რომლებიც ნაკლებად მოექცა სამინისტროს სრული კონტროლის ქვეშ. შანტაჟისა და მუქარით დაიწყო მათი გათავისუფლება. ჩვენი ინფორმაციით თითეულ იმ მოსწავლის ოჯახში, რომელმაც ბოლო კვირების განმავლობაში თავისუფალი აზრი გამოთქვა ახალი რეფორმის -საგამოცდო დანამატთან დაკავშირებით და გააპროტესტა მშვიდობიანი პროტესტის ფორმით პარლამენტის წინ, მივიდა პოლიცია და სამსახურის დაკარგვის მინიშნებით მკაცრი გაფრთხილება მისცა მათ მშობლებს", - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულის კონტექსტში, საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მივმართავს, განსაკუთრებული რეაგირება მოახდინონ არასრულწლოვანი მოსწავლეების მიმართ განხორციელებული უფლებების დარღვევის თითოეულ ფაქტზე.