სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ღამით აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებთან შეტაკებებისას, 50-მდე სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
"ამ დროისთვის სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ 49 სამხედროს დაღუპვა დაადასტურა. მაგრამ ეს არ არის საბოლოო ინფორმაცია, ის დაზუსტებას საჭიროებს", - თქვა ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ბრძოლის ინტენსივობა ახლა შემცირებულია.
მისივე თქმით, შუაღამის შემდეგ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი მოქმედებები განახორციელეს ექვსი-შვიდი მიმართულებით.
"აზერბაიჯანი ცდილობს ეს ყველაფერი წარმოაჩინოს, როგორც პასუხი სომხეთის სავარაუდო პროვოკაციებზე, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად მცდარი ინფორმაცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საბრძოლო შეტაკებებისას დანაკარგის თაობაზე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა, თუმცა რაოდენობა არ დაუსახელებია.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოცხადდა.
წუხელ, გვიან ღამით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ 13 სექტემბერს, ღამის 00:05 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა ინტენსიური ცეცხლი გახსნეს სომხური პოზიციების მიმართულებით.
უწყების ცნობით, აზერბაიჯანი ვარდენისის, სოტკის, არდანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის მიმართულებით მიზანმიმართულად იყენებს არტილერიას, ნაღმტყორცნებს, დრონებსა და მსხვილი კალიბრის იარაღს, არამხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები ღამით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებსა და მომარაგების გზებს შორის ტერიტორიების დანაღმვას ახორციელებდნენ. აზერბაიჯანის ცნობით, მსხვერპლია ორივე მხარეს.
ამავდროულად, აზერბაიჯანმა კატეგორიულად უარყო სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და მას აბსურდული უწოდეა. უწყება სომხურ მხარეს ლაშინის, დაშქესანისა და ქელბაჯარის რაიონებში პროვოკაციაში ადანაშაულებს და პაუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს.