12-დან 16 სექტემბრის ჩათვლით, კინოთეატრ „ამირანში“ საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ გაიმართება. პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
ფესტივალში ყოველდღიურად ჩართული იქნება 13-დან 18 წლამდე 300-მდე ახალგაზრდა, რომლებიც ჟიურის როლსაც შეასრულებენ: წინასწარ შერჩეული ფილმებიდან გამოავლენენ საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმს და საუკეთესო სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, რომელთა რეჟისორებსაც „თაობას“ სახელით გადაეცემათ ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდოები. კინოფესტივალის პროგრამა, გარდა კინოჩვენებებისა, ითვალისწინებს დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, ვორქშოფებსა და გასართობ აქტივობებს. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ უცხოელ რეჟისორებს, მსახიობებს და სფეროს პროფესიონალებს, გაიზიარონ მათი გამოცდილება და მიიღონ დამატებითი ცოდნა.
კინოპროგრამა ორ სექციას მოიცავს: მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი განკუთვნილია 13-15 წლის ახალგაზრდებისთვის. ნაჩვენები იქნება 20 მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ხოლო, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი განკუთვნილია 16-18 წლის ახალგაზრდებისთვის, რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იქნება 4 სრულმეტრაჟიანი ფილმი.
ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამა შედგება ლექციების, ვორქშოფებისა და მასტერკლასებისგან. პროგრამა მოიცავს ხელოვნებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის: კინოკრიტიკა, კინოს ისტორია, ლიტერატურა, სცენარის განვითარება, მედია, რეჟისურა, პროდიუსინგი და სხვა.
"თაობის აკადემია" - კინოხელოვნებით დაინტერესებულ 19-22 წლის, წინასწარ შერჩეულ 20 სტუდენტს შესაძლებლობა აქვს დაესწროს პროფესიული განვითარების ლექციებს, პროფესიული მიღწევების მქონე ხელოვანების მიერ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
პროექტში ჩართულნი არიან ახალგაზრდები და სფეროს პროფესიონალები შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია, ჩეხეთი, სომხეთი, თურქეთი, უკრაინა, ფინეთი, ესტონეთი, ირანი, რუმინეთი, შვეიცარია და საქართველო.
"თაობა" ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარებაზე ორიენტირებული ერთადერთი კინოფესტივალია საქართველოში, რომელიც 2018 წელს ეროვნული სასახლისა და კულტურის და განათლების ფონდის მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაარსდა. ფესტივალი ხელს უწყობს ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარებას, მათი შესაძლებლობების წარმოჩენას, ქვეყანაში კინოგანათლების განვითარებას და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზებას.
ფესტივალის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: თბილისის მერია; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი; საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი; საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი; იტალიის საელჩო და კინოთეატრი „ამირანი“.
www.taobaff.ge