რუსეთის ხელისუფლებამ განუსაზღვრელი ვადით გადადო რუსეთთან შეერთების თაობაზე "რეფერენუდმების" ჩატარება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ინფორმაციას გამოცემა "მედუზა" ავრცელებს, კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.
"მედუზის" ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ხარკოვის მიმართულებით უკრაინის ჯარების წარმატებული კონტრშეტევაა.
კრემლს "რეფერენდუმების" ჩატარება განსაზღვრული ჰქონდა, როგორც ე.წ. ლუჰანსკისა და დონეცკის სახალხო "რესპუბლიკებში", ასევე 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ამავდროულად, იტყობინებიან, რომ რუსმა პოლიტტექნოლოგებმა, რომელთაც "რეფერენდუმი" უნდა მოემზადებინათ, სავარადუდოდ, უკვე დატოვეს ხარკოვისა და ზაპოროჟიის ოლქები, ისინი მხოლოდ ხერსონის ოლქში რჩებიან.
ადრე, "რეფერენდუმის" სავარაუდო თარიღად 11 სექტემბერი იყო დასახელებული. მოგვიანებით, სავარაუდო თარღად 4 ნოემბერი განიხილებოდა, რაც ოფიციალურად მომავალ კვირას უნდა გამოცხადებულიყო. "მედუზის" ცნობით, ახლა ეს გეგმები შეჩერებულია.
"ახლა რუსეთის ხელისუფლებამ არ იცის, როდის შეძლებენ დაუბრუნდნენ კენჭისყრის კონკრეტული თარიღების განხილვას - ეს პერსპექტივები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება უკრაინის კონტრშეტევა", - ციტირებს "მედუზა" წყაროებს.