უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, ვლადიმირ პუტინთან კომუნიკაციების ღია არხების შენარჩუნების თაობაზე.
კულებას თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის საუკეთესო ადგილი ბრძოლის ველია.
"პრეზიდენტ მაკრონს აქვს უფლება გადაწყვიტოს ვისთან ისაუბროს. თუმცა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ პუტინთან დისკუსიისთვის საუკეთესო ადგილი ბრძოლის ველია", - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
"პუტინთან ტელეფონით დარეკვა ყოველთვის შეგიძლიათ, ეს არ მოიტანს შედეგს. აზრი არ აქვს, რადგან ის მატყუარაა და ვფიქრობ, რომ ემანუელ მაკრონმა ეს იცის. მახსოვს ის არაჩვეულებრივი ძალისხმევა, რომელიც მან ომამდე გასწია კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. იმუშავა? არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პუტინმა მას შემდეგ გადაიფიქრა ან მზად არის მოლაპარაკებისთვის", - დასძინა მან.
ამავდროულად, კულება ეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ "შესაფერის დროს" უკრაინას შეუძლია მოლაპარაკებების გზით მშვიდობა დაამყაროს რუსეთთან.
"ნებისმიერი ომი დიპლომატიით მთავრდება. უნდა ვნახოთ, რა პირობებით მივუდგებით ამ მომენტს. გამარჯვებულის თუ დამარცხებულის სახით? სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა. ჩვენ გვსურს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან გამარჯვებულის პოზიციაზე ვისხდეთ. და ეს ბრძოლის ველზე წყდება", - განაცხადა კულებამ.
შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ ომის გაჩაღების შემდეგაც ინარჩუნებს პუტინთან სატელეფონო კომუნიკაციას. ამის გამო საფრანგეთის პრეზიდენტი არა ერთხელ მოექცა კრიტიკის ქვეშ.