ლუჰანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი გაიდაი აცხადებს, რომ უახლოეს ხანებში დროებით ოკუპირებული სვატოვოს, კრემენაიასა და რუბიჟნოედან შესანიშნავ სიახლეებს ელოდება. ამის შესახებ მან ტელემარათონის ეთერში ისაუბრა.
„არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ხვალვე მთელ ლუჰანსკის ოლქს გავათავისუფლებთ. მაგრამ დიდი წინსვლა გვაქვს. მიმდინარეობს ძალიან მძიმე ბრძოლები, ოკუაპნტები გარბიან ყველა დასახლებული პუნქტიდან. უახლოეს მომავალში, შესაძლოა, შევიტყოთ შესანიშნავი სიახლეები სვატოვოს, კრემენაიასა და რუბიჟნოედან“, - განაცხადა გაიდაიმ.
მისი თქმით, სამხედრო ადმინისტრაცია, შაბათს მთელი დღის განმავლობაში იღებდა ინფორმაციებს ოლქიდან ოკუპანტების გაქცევის შესახებ. „ისინი არამხოლოდ გარბიან სვატოვოდან, სტარობელსკიდან დ ტროიცკოედან, არამედ აგროვებენ ნივთებს და მიდიან ლუჰანსკის ოლქის იმ ქალაქებიდან, რომლებიც 2014 წლიდან არის ოკუპირებული - ალჩევსკიდან და ლუჰანსკიდან. ასევე აგროვებენ ნივთებს და თავიანთ ოჯახებს აგზავნიან რუსეთის მიმართულებით“, - თქვა გაიდაიმ.
მისივე თქმით, ოკუპირებული ლუჰანსკის დასახლებებიდან წასვლის მსურველთა რიგები რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული.
ამასთან, გაიდაიმ განაცხადა, რომ გასულ ღამეს პარტიზანებმა ოკუპირებულ კრემენაიაში ადმინისტრაციის თავზე უკრაინის დროშა აღმართეს. „და ის {დროშა} ისევ ფრიალებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქში არც ერთი ოკუპანტი აღარ არის, კოლაბორანტებს კი მისი ჩამოხსნის ეშინიათ“, - განაცხადა გაიდაიმ.
მანამდე, გაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები ლისიჩანსკის შემოგარენში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ სექტემბრის დასაწყისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი უკვე გაათავისუფლეს.