ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მერმა ვლადიმირ მაცოკინმა, უკრაინულ რადიოსთან ინტერვიუში, განაცხადა, რომ ქალაქი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია. ინფორმაციას ტელეარხი CNN ავრცელებს.
"ჩვენი უკრაინის შეიარაღებული ძალები იზიუმში არიან. ჯერჯერობით, არ შეიძლება, ითქვას, რომ სამხედრო ოპერაცია იზიუმის გასათავისუფლებლად დასრულებულია, მაგრამ სამხედროები მუშაობენ", - განაცხადა მაცოკინმა.
მაცოკინის თქმით, ქალაქში მდებარე კრემენეცის მთაზე უკვე აღმართულია უკრაინის ლურჯ-ყვითელი დროშა, რაც დადასტურებულია.
"ეს ნამდვილი დღესასწაულია, ჩვენი ქალაქის გათავისუფლების დღე. 10 სექტემბერი არის იზიუმის რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლების დღე", - დასძინა მან.
მანამდე CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედროების პირველი ქვედანაყოფები იზუმში შევიდნენ. ვრცელდება ცნობები, რომ რუსული შენაერთების უმეტესობამ ქალაქი უკვე დატოვა.