70-წლიანი მმართველობის განმავლობაში, ელისაბედ მეორე გახდა ბრიტანელების ყოველდღიურობის ნაწილი. დედოფლის პორტრეტები, მონოგრამები, გამოსახულებები არის თითქმის ყველგან, რასთანაც უწევთ შეხება ყოველდღიურად ბრიტანელებს.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში 8 სექტემბერს, შოტლანდიაში გარდაიცვალა.
რა შეიცვლება დედოფლის გარდაცვალების შემდეგ.
ბანკნოტები/მონეტები
დიდ ბრიტანეთში მიმოქცევაში არსებული 29 მილიარდამდე მონეტაზე დედოფლის პორტრეტია გამოსახული. ბოლოს მონეტის დიზანი 2015 წელს შეიცვალა, როდესაც მონარქი 88 წლისა იყო. მისი მმართველობის განმავლობაში მონეტის დიზაინი ხუთჯერ შეიცვალა, დედოფლის ასაკის შესაბამისი პორტრეტით.
ჯერჯერობით სამეფო ზარაფხანისგან არავინ მოელის განცხადებას იმის თაობაზე, თუ როდის დაიწყება მონეტების მოჭრა მეფე ჩარლზ მესამის გამოსახულებით. თუმცა სავარაუდოა, რომ მონეტები დედოფლის გამოსახულებით კიდევ მრავალი წელი დარჩება მიმოქცევაში და მათი ჩანაცვლების პროცესი ეტაპობრივი იქნება.
ამვადროულად, ინგლისის ბანკის განცხადებით, ბანკნოტები, რომლებზეც დედოფალი ელისაბედ II არის გამოსახული, კვლავ დარჩება გადახდის კანონიერ საშუალებად.
დედოფალი ელისაბედ II იყო პირველი მონარქი, რომელიც ინგლისის ბანკის ბანკნოტებზე გამოსახეს. დედოფალი ინგლისის ბანკის მიერ გამოშვებულ კუპიურებზე 1960 წლიდან გამოჩნდა. შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ბანკების მიერ გამოშვებულ ბანკნოტებზე დედოფალი არ არის გამოსახული.
ამ დროისთვის მიმოქცევაშია ინგლისის ბანკის მიერ გამოშვებული დაახლოებით 4,5 მილიარდი ინდივიდუალური კუპიურა, რომლის ღირებულებაა დაახლოებით 80 მილიარდი ფუნტი.
მარკები და საფოსტო ყუთები
1967 წლიდან სამეფო ფოსტის მიერ გამოშვებულ ყველა მარკაზე გამოსახულია დედოფალ ელისაბედ მეორის გვერდითი პროფილის სილუეტი.
ამიერიდან, სამეფო ფოსტა შეწყვეტს მარკებზე ელისაბედ მეორის სილუეტის გამოსახვას, თუმცა გაგრძელდება არსებულის გამოყენება მარაგის ამოწურვამდე.
პარალელურად დაიწყება მზადება ახალი დიზანის შექმნაზე.
ამავდროულად, დღის წესრიგში დადგება საფოსტო ყუთებზე გამოსახული დედოფლის მონოგრამის შეცვლის საკითხი.
გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე განთავსებული 115 000 საფოსტო ყუთის 60%-ზე მეტზე გამოსახულია დედოფალ ელისაბედ მეორე მონოგრამა E II R - სადაც E აღნიშნავს ელისაბედს, ხოლო R - რეგინას (Regina - დედოფალი). შოტლანდიაში არსებულ საფოსტო ყუთებზე გამოსახულია შოტლანდიის გვირგვინი.
შოტლანდიის ფარგლებს გარეთ განთავსებულ საფოსტო ყუთებს ახალი მეფის, ჩარლზ მესამის მონოგრამა უნდა გამოისახოს CRIII.
დიდძალი რაოდენობის გამო, მონოგრამების ჩანაცვლებას შესაძლოა წლები, თუ არა ათწლეული დასჭირდეს.
ეროვნული ჰიმნი
გაერთიანებული სამეფოს ეროვნულ ჰიმნში, რომელიც მეტწილად მონარქის სადიდებელ სიტყვებს შეიცავს, სიტყვები "ღმერთო დაიფარე დედოფალი" (God Save the Queen) ჩანაცვლდება სიტყვებით "ღმერთო დაიფარე მეფე" (God Save the King).
1952 წლის შემდეგ პირველად შესრულდება ეროვნული ჰიმნი ამ სიტყვებით.
პასპორტი
ყველა ბრიტანული პასპორტი გაცემულია მისი უდიდებულესობის (Her Majesty) სახელით. პასპორტების მოქმედება გაგრძელდება, თუმცა ახალ პასპორტებზე "მისი უდიდებულესობა" შეიცვლება მამრობითი ნაცვალსახელით - Her Majesty-ის ნაცვლად His Majesty.