საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ეკონომიკის ახალი კურსის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. როგორც სააკაშვილმა ლილოში გაფორმების ეკონომიკური ზონის გახსნისას განაცხადა, "ჩვენ დღეს ვაცხადებთ ეკონომიკის ახალ კურსს, რომლის მიზანია არსებული ხარვეზების სრულად დაძლევა და გაცილებით უკეთესი ბიზნესგარემოს შექმნა".
საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, ახალი კურსი ითვალისწინებს ახალი საგადასახადო კოდექსის ამუშავებას, რომელიც მეწარმეებზე საგადასახადო ადმინისტრიტების წნეხს შეამცირებს. ის ითვალისწინებს ასევე დარღვევების პატიებისა და წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის შემოღებას. ახალი საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებას, რათა მეწარმე დაცულად გრძნობდეს თავს. გათვალისწინებლია დარიცხვის ისეთი მექანიზმების შემოღება, რომ ბიზნესის შეცდომის გამო დარიცხულმა თანხამ საწარმოს გაჩერება და დანგრევა არ გამოიწვიოს. მაშინაც კი, როდესაც თვითონ საწარმოს მფლობელი შეიძლება შეგნებულად არღვევდეს კონკრეტულ ნორმას", - განაცხდა სააკშვილმა.
პრეზიდენტის განმარტებით, საწარმოები კი არ უნდა დაიხუროს, არამედ უნდა გადარჩეს, რათა კონკრეტული ადამიანები ლუკმაპურის გარეშეEარ დარჩნენ.
"უნდა მოხდეს ახალი კვალიფიციური კადრების მომზადება და ძველების გადამზადება ისე, რომ ყოველი მათგანი პირველ რიგში ორინტირებული იყოს ბიზნესის წარმატების ხელშეწყობაზე, ისე, რომ მათთან მუშაობა მეწარმისათვის იყოს კომფორტული და გასაგები. ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც გაამარტივებს სამსახურების პროცედურებს, შეამცირებს ბიუროკრატიას და მომსახურების ვადებს დაიყვანს მინიმუმამდე.
მაგალითად ისე, რომ განბაჟების პროცედურის სრული ციკლის დასრულება მაქსიმუმ ერთ საათში იყოს შესაძლებელი. ადრე, მახსოვს, აქ რომ ვიყავი, კვირაობით იყო გაჩერებული ზოგიერთი ტვირთი, მათ შორის მალფუჭებადი პორდუქტი და არავინ იღებდა პასუხისმგებლობას. მებაჟე აბრალებდა ბროკერს, ბროკერი აბრალებდა გაურკვეველ საგადასახადო რეგულაციას და აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი სიტუაცია იყო", - აღნიშნა სააკაშვილმა.