შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინას ეწვია. იუწყება Associated Press-ი.
ეს ბლინკენის მეორე ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი წამოიწყო.
მედიის ცნობით, ენტონი ბლინკენმა უკრაინაშ ვიზიტისას შეერთებული შტატების მხრიდან მორიგი ფინანსური დახმარების შესახებ განაცხადა.
როგორც Associated Press-ი წერს, ენტონი ბლინკენმა უკრაინელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია 2 მილიარდი დოლარის გრძელვადიან სამხედრო დაფინანსებას გამოუყოფს უკრაინას და მის თვრამეტ მეზობელს, მათ შორის ნატოს წევრებსა და რეგიონული უსაფრთხოების პარტნიორებს, რომლებიც "მაღალი რისკის ქვეშ არიან პოტენციური რუსული აგრესიის წინაშე".
2 მილიარდი დოლარიდან დაახლოებით 1 მილიარდი უკრაინას გადაეცემა, ხოლო დანარჩენი განაწილდება 18 ქვეყანას შორის. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, საქართველო, საბერძნეთი, კოსოვო, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია.