უნგრეთის პრეზიდენტ კატალინ ნოვაკის განცხადებით, ბუდაპეშტის მიზანია შეამციროს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება. ამის შესახებ უნგრული მედიის ინფორმაციით, კატალინ ნოვაკმა 7 სექტემბერს ბუქარესტში, რუმინელ კოლეგასთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ენერგეტიკულ ვითარებაზე საუბრისას, უნგრეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია და უფრო დაუცველია ვიდრე რუმინეთი, რადგან მას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. ამიტომ, მომავალში ბუდაპეშტი ცდილობს მიაღწიოს "ენერგეტიკულ სუვერენიტეტს".
"ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ზრდის ენერგეტიკული დივერსიფიკაციის შესაძლებლობას და დამოუკიდებლობას რუსული ენერგომატარებლებისგან. ამ მხრივ რუმინეთის იმედიც გვაქვს", - განაცხადა ნოვაკმა.
მედიის ცნობით, უნგრეთის პრეზიდენტის ამ განცხადების მიუხედავად, ქვეყნის ხელმძღვანელობის ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ პირიქით, ის სულ უფრო მეტად ხდება რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებული.
ამავდროულად, უნგრეთმა და "გაზპრომმა" გაზის მიწოდების ახალი კონტრაქტი გააფორმეს, რომელიც ბუნებრივი აირით დამატებით მომარაგებას ითვალისწინებს.