ალბანეთმა გაწყვიტა ირანთამ დიპლომატიური ურთიერთობები და ტირანაში ირანის საელჩოს ყველა თანამშრომელს, მათ შორის დიპლომატიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, 24 საათში ქვეყნის დატოვება უბრძანა.
ალბანეთის პრემიერ-მინისტრის ედი რამას განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა "ხანგრძლივი გამოძიების შედეგების საფუძველზე, რომლის თანახმადაც გაირკვა, რომ თეირანი დგას ალბანეთის საჯარო სამსახურებსა და ინსტიტუტებზე განხორციელებული კიბერშეტევების სერიის უკან".
ტირანა ამ კიბერთავდასხმას სახელმწიფო აგრესიის ტოლფას ქმედებად მიიჩნევს.
"ასეთი უკიდურესი ზომა სრულად შეესაბამება კიბერშეტევის მასშტაბურობასა და სერიოზულობას, რომელიც მიზნად ისახავდა ალბანეთის საჯარო სექტორის პარალიზებას, სამთავრობო ციფრული სისტემების გატეხვას და ინტრანეტის სისტემაში შენახული შიდა ელექტრონული მონაცემების მოპარვას", - განაცხადა ედი რამამ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ალბანეთის სტრატეგიული მოკავშირეები ინფორმირებული იყვნენ გამოძიების შედეგების შესახებ და მათ მტკიცებულებები გაუზიარეს.
ირანული მხარე არ გამოხმაურებია ალბანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას.
ალბანეთსა და ირანს შორის ურთიერთობები ჯერ კიდევ 2014 წელს დაიძაბა, როდესაც ტირანამ მიიღო ოპოზიციური ირანული ჯგუფის მუჯაჰედინების (Mojahedin-e-khalq შემოკლებით MEK) დაახლოებით 3000 წარმომადგენელი.
Balkan Observer-ის ცნობით, კიბერშეტევა ირანულ ოპოზიციასთან ასოცირებული „თავისუფალი ირანის მსოფლიო სამიტამდე“ ცოტა ხნით ადრე მოხდა, რომელიც ალბანეთში 23-24 ივლისს უნდა გამართულიყო.
ფორუმი ინციდენტამდე ერთი დღით ადრე გაუქმდა შესაძლო ტერორისტული საფრთხის გამო.
მძლავრი კიბერთავდასხმის შედეგად, პარლამენტისა და პრემიერის ოფისის ვებგვერდები მიუწვდომელი გახდა. ასევე, გაითიშა სამთავრობო პორტალი e-Albania, რომელსაც იყენებენ ალბანეთის მოქალაქეები, ისევე როგორც უცხოელები და ინვესტორები, რათა მიიღონ წვდომა სხვადასხვა სამთავრობო სერვისზე.