საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თანამოქალაქეებს მოუწოდა, უახლოეს კვირებსა და თვეებში ენერგიის მოხმარება 10 პროცენტით შეამცირონ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ზამთარში ელექტროენერგიის გათიშვა.
ამავდროულად, მაკრონი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ შესაძლოა, უახლოეს თვეებში ენერგიის დაზოგვის იძულებითი მექანიზმები დაინერგოს, თუ ნებაყოფლობითი ძალისხმევა საკმარისი არ იქნება.
მისი თქმით, ენერგეტიკული რაციონირების გეგმები მუშავდება იმ შემთხვევებისთვის, თუ მისი გამოყენების საჭიროება დადგება. ხოლო ელექტროენერგიის გამორთვა გამოყენებული იქნება, როგორც "უკანასკნელი გამოსავალი".
"საუკეთესო ენერგია არის ის, რომელსაც არ ვხმაროთ", - თქვა მაკრონმა და ადგილობრივ კომპანიებსა და ოჯახებს მოუწოდა, დაზოგონ ენერგია, მათ შორის გათბობისა და კონდიცირების გამორთვით.
საფრაგენგეთი ერთ-ერთია იმ ევროპულ ქვეყნებს შორის, რომელთაც ენერგორესურსებზე ფასების მატების გამო, „ქამრის შემოჭერის“ გზას მიმართავენ. რუსეთის მთავარი გაზსადენი, რომელიც ბუნებრივ გაზს აწვდის გერმანიას, კვლავ დახურულია.