ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ფარგლებში მიმდინარე ვიზიტისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში მომხსენებელთან, სვენ მიკსერთან. იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ევროპარლამენტთან საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას და ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.
"მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მხრიდან ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის პოზიტიურ დინამიკაზე და ამ მხრივ ხაზი გაუსვეს ევროპარლამენტის მომხსენებლების ანგარიშების პრაქტიკის მნიშვნელობას. მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ევროპარლამენტი სათანადოდ შეაფასებს საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე და წვლილს შეიტანს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის თაობაზე და სვენ მიკსერს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა და იმედი გამოთქვეს, რომ საბჭოს ფარგლებში მოხდება სხვადასხვა სფეროში საქართველო ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივებისა და შემდგომი შესაძლებლობების ნაყოფიერი განხილვა.
ევროპარლამენტართან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 2022 წლის 6 სექტემბერს, ბრიუსელში საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ- მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში - ჟოზეპ ბორელი ხელმძღვანელობს.