გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავზე ლითონის ახალი დროებითი გადახურვა მოეწყო. იუწყება კულტურის სამინისტროს პრესსამსახური.
მათივე ცნობით, პროცესი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტის, პროფესორ უგო ტონიეტის რეკომენდაციით და ზედამხედველობით მიმდინარეობდა.
"ახალი დროებითი გადახურვა წინა გადახურვასთან შედარებით არის გაცილებით მსუბუქი და ტაძარი დაცულია წყლის შეღწევისაგან ნებისმიერ კლიმატური პირობებში. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს გამოშრობის პროცესი, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ფრესკების გადასარჩენად", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.