ცნობილი ამერიკელი კინომსახიობები შონ პენი და ბენ სტილერი იმ პირთა სიაში მოხვდნენ, რომლებსაც რუსეთში შესვლა ეკრძალებათ. შესაბამისი სია 25 ადამიანის გვარით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს, 5 სექტემბერს გამოაქვეყნა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს "შავ სიაში", ასევე მოხვდნენ აშშ-ის ვაჭრობის მდივანი ჯინა რაიმონდო, მისი ოთხი მოადგილე, ექვსი სენატორი, ასევე ამერიკელი მეწარმეები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები.
შონ პენი და ბენ სტილერი საჯაროდ უჭერდნენ მხარს უკრაინას რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის პირველივე დღიდან. გარდა ამისა, შონ პენმა გადაწყვიტა, გადაიღოს დოკუმენტური ფილმი რუსეთის შეჭრის შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს ბოლოს ორივე ამერიკელი მსახიობი ღირსების მესამე ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა.