"მთავარი პრობლემა არის არა პოლარიზაცია, არა სხვადასხვა აზრების ან დაპირისპირებული აზრების არსებობა, არამედ, მთავარი პრობლემა არის ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია და ის რადიკალური დღის წესრიგი, რომელსაც ისინი მიყვებიან“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ოპოზიციის ქმედებები ბანალური და წინასწარ განჭვრეტადი გახდა.
„უკვე ბანალური გახდა ოპოზიციის ქმედებები და იმდენად წინასწარ განჭვრეტადია ეს ქმედებები, რომ რთულია ამაზე კომენტარის გაკეთება. მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, 23 ივნისს და 12 რეკომენდაციაში პირველ რეკომენდაციად გაწერა დეპოლარიზაცია, მეორე დღეს, 24 ივნისშივე ჩატარდა აქცია, რომელმაც ულტიმატუმი წამოუყენა საქართველოს პარლამენტს. ანუ, ნაცვლად იმისა, რომ დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯი გადაედგათ, პირიქით, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ და რადიკალიზაციისკენ გადადგეს ნაბიჯი. ესეც იგივე განცხადებაა - ამ მთლიან განცხადებაში რომელი აბზაცი, რომელი წინადადება გულისხმობს თავის თავში დეპოლარიზაციას? ეს არის პირდაპირ რადიკალიზაციისკენ მიმართული ქმედება. საბოლოო ჯამში, ერთი რამ უნდა ვთქვათ და ამ შეფასებებშიც უნდა ვიყოთ გულწრფელი: როდესაც ვსაუბრობთ პოლარიზაციის საკითხზე ან პრობლემაზე, ან გამოწვევაზე, სინამდვილეში, საქართველოში გვაქვს არა პოლარიზაცია, არამედ გვაქვს ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია, რაც იწვევს შემდეგ ამ პოლარიზაციას. ანუ, მთავარი პრობლემა არის არა პოლარიზაცია, არა სხვადასხვა აზრების ან დაპირისპირებული აზრების არსებობა, არამედ, მთავარი პრობლემა არის ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია და ის რადიკალური დღის წესრიგი, რომელსაც ისინი მიყვებიან, რომელიც გულისხმობს ერთ რამეს - ეს არის არაღიარება ხელისუფლების და ეს არის მთავარი გამოწვევა, რაც მათ აქვთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.