საქართველო წლების განმავლობაში ტრიოს ცენტრი იყო, ახლა თითქოს გვერდზეა გაწეული - ამბობს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც თბილისში, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.
"ევროკავშირში ინტეგრაცია არის შესაძლებლობების ფანჯარა და არ უნდა დავივიწყოთ საქართველო. საქართველო ახლა თითქოს გვერდზეა გაწეული, მას აღარავინ ახსენებს, აღარსად, ეს დიდი პრობლემაა. აქამდე ჩვენ ტრიო გვქონდა და საქართველო იყო ამ ტრიოს ცენტრი 12 წლის განმავლობაში, თუმცა ახლა ეს საკითხი აღარ განიხილება. მასზე საუბარი წევრ ქვეყნებსა და ინსტიტუციებში არ უნდა დაგვავიწყდეს. საქართველო უნდა დავაბრუნოთ და უნდა მოვძებნოთ ამ საკითხის გადაჭრის გზა, თუ ის არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს", - თქვა კრამონმა.
თბილისში მე-6 საერთაშირისო კონფერენცია, "დიდება უკრაინას" მიმდინარეობს.
კონფერენციას მასპინძლობენ მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერებისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.
კონფერენციას ესწრებიან უსაფრთხოების რეგიონული ექსპერტები, ქართველი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, ბიზნესწარმომადგენლები. კონფერენციის მიზანია საქართველოს მსოფლიო და ტრანსატლანტიკური დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნება, დემოკრატიული პროგრესისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დისკუსიაზე განსახილველი საკითხებია: რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და დასავლეთის რეაქცია; სამხედრო აგრესიის გეოპოლიტიკური შედეგები; არეულობა რეგიონში; ომის გავლენა ევროპის მომავალზე; საით მიდის საქართველო; რუსეთის შემდგომი ნაბიჯები.