დღეს, 5 სექტემბერს გამოცხადდება ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის წევრების კენჭისყრის შედეგები, რომელმაც უნდა გამოავლინოს ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი.
გამოკითხვების შედეგების თანახმად, მოელიან, რომ ბრიტანეთის მთავრობას სათავეში ჩაუდგება საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი, 47 წლის კონსერვატორი პოლიტიკოსი, რომელიც გადასახადების შემცირებისა და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების დაპირებით გამოდის.
აგვისტოს შუა რიცხვებში ჩატარებული ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში მაღალი უპირატესობით გაიმარჯვებს ლიზ ტრასი. მაშინ, კონსერვატიული პარტიის 60%-მა ლიზ ტრასს დაუჭირა მხარი, ხოლო მის კონკურენტს, რიში სუნაკს - 28%-მა.
ამ არჩევნებში გამარჯვებული, სადაც ხმას აძლევენ მხოლოდ კონსერვატიული პარტიის რეგისტრირებული წევრები, ავტომატურად გახდება ბრიტანეთის მთავრობის მეთაური.
ლიზ ტრასი იქნება მესამე ქალი, მარგარეტ თეტჩერისა და ტერეზა მეის შემდეგ, რომელიც ბრიტანეთის მთავრობას ჩაუდგება სათავეში.
კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ, მოქმედი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ოფიციალურად წარუდგენს გადადგომის განცხადებას დედოფალ ელისაბედ მეორეს.
ამის შემდეგ, დედოფალთან აუდიენციას გამართავს ახალი პრემიერ-მინისტრი, სადაც მას მონარქი გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფორმირებას დაავალებს.
ყოფილ და ახალ პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრას, ელისაბედ მეორე წელს პირველად არა ბუკინგემის სასახლეში, არამედ შოტლანდიაში, ბალმორალის რეზიდენციაში გამართავს.
შეგახსენებთ, 7 ივლისს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა.