თბილისის საერთაშორისო კონფერენციის "დიდება უკრაინას" მონაწილეები ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ.
ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი დევიდ კრამერი, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი და სხვები.
კონფერენციის მონაწილეები ოძისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს შეხვდნენ და ოძისში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.
საოკუპაციო ხაზთან, კონფერენციის მონაწილეებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს.
"ეს ადგილი ხდება ამ კონფერენციის რეგულარული გაჩერება. ჩვენ ეს ვიზიტი მიგვაჩნია უკიდურესად მნიშვნელოვნად, როგორც შეხსენება, თუ რა გადაიტანა საქართველომ 2008 წლიდან დღემდე და ეს არის ჩვენთვის გაკვეთილი, საიდანაც სწავლა შეგვიძლია. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია,ჩვენმა დელეგაციამ თავისი ვიზიტი აქედან დაიწყოს, როგორც შეხსენება იმისა, რასთან ერთად გიწევთ ცხოვრება ყოველდღიურად. ეს არის ასევე ჩვენი მხარდაჭერის გამოხატულება საქართველოს, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, რომ ერთ დღეს საქართველო კვლავ გაერთიანდეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა დევიდ კრამერმა.
საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას" თბილისში 5-6 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები და მასპინძლები არიან: „მაკკეინის ინსტიტუტი“, „ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“.