დონალდ ტრამპის იდეოლოგიის "გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული" (Make America Great Again) მხარდამჭერთა დღის წესრიგი საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. აცხადებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
ბაიდენმა ამერიკელ ერს მიმართა ფილადელფიიდან, დამოუკიდებლობის დარბაზიდან, სადაც ხელი მოეწერა აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციას.
"ამ ძალებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ ეს ქვეყანა უკან დახიონ", - თქვა ბაიდენმა ამერიკელი ერისადმი მიმართვაში.
"სურთ ამერიკის უკან დაბრუნება, სადაც არ არის არჩევნების უფლება, არ არის პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობის უფლება, არ არის ორსულობის თავიდან აცილების უფლება, არ არის უფლება დაქორწინე საყვარელ ადამიანზე".
ჯო ბაიდენის თქმით, ტრამპის იდეოლოგიის მხარდამჭერები პატივს არ სცემენ აშშ-ის კონსტიტუციას და ძირს უთხრიან იმ ფასეულობებს, რომელიც თავისუფალ არჩევნებში, თანასწორუფლებიანობაში, ხმის მიცემის, დამარცხების აღიარებასა და კანონმორჩილებაში გამოიხატება.
შუალედურ არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ჯო ბაიდენმა მოუწოდა ყველა ამერიკელს - დემოკრატსა და რესპუბლიკელს - გაერთიანდნენ პოლიტიკურ ექსტრემიზმსა და პოლიტიკურ ძალადობასთან საბრძოლველად.
"ამერიკამ უნდა აირჩიოს, წინსვლა ან უკან დაბრუნება", - თქვა ბაიდენმა და მოქალაქეებს მოუწოდა, დემოკრატიის დასაცავად მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.
"დიდი ხნის განმავლობაში თავს ვარწმუნებდით, რომ ამერიკული დემოკრატია გარანტირებულია, მაგრამ ეს ასე არ არის", - დასძინა მან.
"ქვეყნის სულის გადარჩენისთვის" - ამ სახელწოდებით გაკეთებული მიმართვა 8 ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უმრავლესობის შენარჩუნების სტრატეგიის ნაწილია.
შემოდგომაზე, შეერთებულ შტატებში, კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართება, სადაც გადაწყდება, შეინარჩუნებენ თუ არა დემოკრატები უმრავლესობას წარმომადგენელთა პალატასა და სენატში.