რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მოსკოვში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ლავროვმა თქვა: "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს სადგური იყოს უსაფრთხო და განაგრძოს უსაფრთხოდ ფუნქციონირება".
ამავდროულად, ლავროვის თქმით, რუსეთი ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა, რომლებიც ელექტროსადგურზე ინსპექტირებას გეგმავენთ, თავიანთი ამოცანების შესრულება შეძლონ.
ლავროვის თქმით, საერთაშორისო მისიისგან ობიექტურობას მოელის.
"ჩვენ სწორედ ობიექტურობას ველოდებით, თუმცა ყველა დანარჩენს, ვინც ასე თუ ისე დაკავშირებულია ამ ვიზიტთან, მის მზადებასთან და მისი გართულების მცდელობებთან, აშკარად არ სურს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ ობიექტური დასკვნები გააკეთოს", - განაცხადა ლავროვმა.
დღეს დილით, გავრცელდა ცნობები ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვის შესახებ. უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ვიზიტისთვის საფრთხის შექმნაში. კიევი მოითხოვს, რომ რუსეთმა პროვოკაცია შეწყვიტოს და უზრუნველყოს ექსპერტების უსაფრთხო გადაადგილება.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელთა ვიზიტის ჩაშლის მცდელობაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მისი მტკიცებით, დღეს დილიდან უკრაინელი სამხედროები არტილერიით უტევენ რაიონს, სადაც სააგენტოს ექსპერტები უნდა ჩავიდნენ.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ გაზრდილი სამხედრო აქტივობის მიუხედავად, ექსპერტთა მისია ჩავა ელექტროსადგურზე.