საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა მიესალმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნას.
ზარქუას თქმით, დავით ბაქრაძე არის ძალიან კომპეტენტური და კვალიფიციური.
"პრეზიდენტმა ეტყობა გაანალიზა, გაითავისა და შემდეგ გააკეთა დასკვნა, გადაწყვეტილება მიეღო, რომ დაენიშნა ელჩები, მათ შორის გაერო-ში დავით ბაქრაძე, რომელიც არის ძალიან კომპეტენტური, კვალიფიციური. მგონია, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დარწმუნებული ვარ, ბატონი დავითი, ისევე როგორც დანარჩენი ელჩები, სასარგებლო საქმიანობით იქნებიან დაკავებული. ქალბატონი სალომე ცოტა თავისებური ადამიანია, ხასიათის ადამიანია და ეტყობა იმ ხასიათზე იყო მაშინ, როდესაც თქვა ინტერვიუში ბაქრაძეზე, შეუფერებელი იყო ის განცხადებები, რაც გააკეთა დიპლომატების მიმართ და განსაკუთრებით ბატონო დავითის მიმართ. მაინც გადაწყვიტა და ხელი მოაწერა, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ვინმემ აიძულა. ის არის მაქსიმალურად დამოუკიდებელი გუნდისგან, ყველა ინსტანციისგან და თვითნებურად, თავისი გადაწყვეტილებებით იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. მისასალმებელია სწორი, გონივრული ნაბიჯის გადადგმა", - განაცხადა ზარქუამ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად აშშ-ში ყოფილი ელჩი, დავით ბაქრაძე დაინიშნა.
მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩის დავით ბაქრაძის მუშაობით, რის გამოც გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე მის დანიშვნას ხელს არ აწერს.