საქართველოს პრეზიდენტის მიერ დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ განაცხადა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, დავით ბაქრაძე გაერო-ში ელჩად პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბატონი დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია, აქედან გამომდინარე მისი დანიშვნა გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში, საქართველოს პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად, ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთგზის დააფიქსირა როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს.
რაც შეეხება ბატონი დავით ბაქრაძის დანიშვნას, ის დანიშნული იქნა პრეზიდენტის განკარგულებით, 30 აგვისტოს გაერო-ში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც საქართველოს მთავრობის შემოვიდა პრეზიდენტთან და ასეთი იყო მისი ინაუგურაციის შემდეგ 39, 39-ვე წარდგინება დაკმაყოფილდა და ყველა დაინიშნა შესაბამის თანამდებობებზე“, – განაცხადა ნათია სულავამ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად აშშ-ში ყოფილი ელჩი, დავით ბაქრაძე დაინიშნა.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩის დავით ბაქრაძის მუშაობით, რის გამოც გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე მის დანიშვნას ხელს არ აწერს.